26.10.11




საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (www.aeag.org.ge) ორგანიზებით ა.წ. 20 და 21 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ”ამბასადორში” ჩატარდა კონფერენცია: ”ზრდასრულთა განათლება და საზოგადოების ტრანსფორმაცია”. 
კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ფილიალი და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაცია (EAEA). 
კონფერენცია მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, საქართველოს განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული პირებისა და ორგანიზაციებისათვის ზრდასრულთა განათლების სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გაცნობასა და მეორე მხრივ, საქართველოს ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარების გზაზე შემდგომი ნაბიჯების დასახვას. 
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: უვე გარტენშლეგერი - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციისა (dvv international) და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პიტერ ბელტრამი, სლოვენიის ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტის მრჩეველი; კატარინა პოპოვიჩი - ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი, ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე სომხეთისა და უზბეკეთის ზრდასრულთა განათლების ასოციაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობდა CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის კოორდინატორი პავლე თვალიაშვილი.
კონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო ზემო სვანეთში CTC-ის გამოცდილება ზრდასრულთა განათლების კუთხით.